
'ქართულმა ოცნებამ' პარტიული ოფისები დახურა... რა ხდება მმართველ გუნდში?
12:49:43     11-01-2013
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გახსნილი პარტიის ოფისების მასიური დახურვა დაიწყო.
კოალიციის მიერ ნაქირავებ ოფისებში მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც პარტიის ოფისებში მისულ მოსახლეობას პრემიერის კანცელარიისკენ ამისამართებენ.
აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის პროტესტი.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა, ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ვერ შედის პარტიის ცენტრალურ ოფისში.
'ოცნების' ეკონომიკური პროგრამის ავტორის თქმით, ის პარტიასთან კონტრაქტის საფუძველზე მუშაობს, თუმცა, მომხდარის შესახებ ოფიციალური განმარტება პარტიის წარმომადგენლებისგან არ მიუღია.
დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ შექმნილ მდგომარეობაზე წესით განმარტება პარტიის თავმჯდომარეს უნდა გაეკეთებინა.
„ადამიანები მათ ისე უცერემონიოდ ერეკებიან გარეთ, რომ წესიერ ახსნა-განმატებასაც არ აძლევენ. პირადად მე, პირველ დეკემბერს ვიყავი პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული და იქ მხოლოდ უსაფრთხოების სამსახური დამხვდა. თან ოფისების დახურვის მიზეზებიც არავის განუმარტავს“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
მანანა კობახიძე „ქართული ოცნების“ ოფისების დახურვაში, უცნაურობას ვერ ხედავს, რადგან მისი თქმით, ოცნების ოფისები გაიხსნა წინასაარჩევნოდ.
მანანა კობახიძე: "ეს ოფისები საარჩევნო შტაბები იყო. გამოდის, რომ შტაბები დაიხურა. ჩვენ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობისთვის ვემზადებით, ამ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებამდე ფუნქციონირება შეაჩერეს ოფისებმაც. პარტია უახლოეს პერიოდში ოფისებს გახსნის.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ოფისების ფუნქციონირების შეჩერებას პარტიის შიგნით მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისები თბილისსა და რეგიონებში მუშაობას თებერვლის დასაწყისში განაახლებს.
როგორც ჩანს პრემიერ ივანიშვილს და მის გუნდს, მთავრობის თბილი სკამების მოპოვების შემდეგ, ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის სურვილი აღარ აქვთ, არადა ეკა ბესელია პარლამენტის თბილისში დაბრუნებას იმით ხსნიდა, რომ მათ ხალხთან კონტაქტი სურდათ...
ბესელიას ამ განცხადებიდან თუ ვიმსჯელებთ, ‘’ოცნება’’ ხალხს ვეღარ ხედავს, თორემ მისი შემჩნევა წესით ბესელიას თვალს დასავლეთ საქართველოშიც უნდა შეეძლოს.